ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილსა და რომის პაპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო კორონავირუსის კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას.

სალომე ზურაბიშვილმა რომის პაპს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისაგან  მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ სწორედ საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობაზე ესაუბრა დღეს კათოლიკოს პატრიარქს შეხვედრისას.

საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში ეკოლოგიურ მდგომარეობასა და გარემოსდაცვით საკითხებს, რომელიც რომის პაპის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის ეკოლოგიის დაცვა და ქვეყანაში არსებული ეკოსისტემების შენარჩუნებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით საკითხებში იგი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით ესაუბრა. რომის პაპმა განაცხადა, რომ კრიზისის დროს კიდევ უფრო ნათლად ჩანს რამდენად დიდია ურთიერთსაჭიროება და ერებს შორის ძმობის აუცილებლობა.

 

იტვირთბა....