“ბოლო ხანებში, ხელისუფლებამ წამოიწყო მანევრები იმისთვის, რომ შეიქმნას პლატფორმა ნაკისრი ვალდებულებების ნაწილის შეუსრულებლობისთვის მაინც. შეიძლება, ყველაფერზე უარი თქვას და ეს ხმაური ამიტომ არის ატეხილი. სინამდვილეში რა ხდება? შეთანხმება ეხება ორ რამეს – საარჩევნო სისტემაა შესაცვლელი და პოლიტიკური დევნაა დაუშვებელი, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხალხი უნდა გათავისუფლდნენ. ეს წერია შეთანხმებაში. ვისი ვალდებულებაა ეს, ვინ უნდა გააკეთოს? – ორივე ხელისუფლების გასაკეთებელია.”
დავით უსუფაშვილი – „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი
ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და 8 მარტის შეთანხმებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.
ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა და განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.