საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო და ამ ფაქტორს იყენებს სპეკულირებისთვის.
აღნიშნულით არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის წერილს გამოეხმაურა.
“რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო, აგრეთვე იმით, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს და სწორედ ამ ფაქტორს იყენებს სპეკულირებისთვის. ამ სპეკულაციებით, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს, დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვენ, ნათელი მოფინონ შეთანხმების შინაარსს.
„შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოფინონ შეთანხმების შინაარსს. კერძოდ, ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება. ასევე, ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმების აღსრულების პროცესში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, 6 მაისს ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.