„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 8 მარტის მოლაპარაკებაზე იყო შეთანხმება, რომ საქართველოში პოლიტიკური მოტივით დაკავებული პატიმრები არ უნდა არსებობდნენ.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, შეთანხმებაზე ნათქვამი იყო, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია, რადგან მარტო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით ბოლომდე ვერ განიმუხტება პოლიტიკური გარემო.
“მე საგანგებოდ არ ვიყენებ სიტყვა პოლიტპატიმრებს, რადგან ტერმინზე ნამდვილად ვერ შევთანხმდით, მაგრამ შეთანხმება იყო იმაზე, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია, რადგან ამის გარეშე, მარტო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით ბოლომდე ვერ განიმუხტება პოლიტიკური გარემო და წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატები ვერ გადავა ნორმალურ ჭრილში. ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, აქვს განცდა, რომ ამ კონკრეტული გვარების უკან დგას პოლიტიკური მოტივი და პოლიტიკური გადაწყვეტილება,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ხელისუფლება სხვადასხვა გზას ეძებს, რომ შეთანხმება დაარღვიოს და თუ დაარღვევენ შეთანხმებას მთლიანად ან ნაწილობრივ, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას და საბოლოო ჯამში ქვეყანას.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.
ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.