“არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ საქართველოში, არ გვყავს ჩვენ პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ზოგადად საუბარი იყო ამასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინვე მკაფიოდ მათ მიიღეს შესაბამისი პასუხი, მიიღეს უარი, რადგან შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება. უკანონობას არავინ არ ჩაიდენს და თვითონ შეთანხმების დოკუმენტი რაც არის, შინაარსობრივად, ეს ხომ ყველასათვის ცხადია და ცნობილია, შეუძლია ნახოს ყველამ.”
კახა კალაძე – დედაქალაქის მერი
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.
ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.