საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია.
ამის შესხაებ არჩილ ტალაჯვაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნულით ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის წერილს გამოეხმაურა.
თალაკვაძის თქმით, ყველა მოლაპარაკების დროს მიიღეს პასუხი, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი.
„ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამართლის უზენაესობისა და ხელისუფების დანაწილების პრინციპების მიმართ, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან ავლენენ. თქვენ კარგად გახსოვთ ეს. მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი. ამგვარ განცხადებებს ყოველჯერზე საჯაროდ აკეთებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი, რომელთა მძიმე პოლიტიკური და კრიმინალური წარსულის შესახებ კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის.
გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.
შეგახსენებთ, 6 მაისს ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.