“შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, ასეთია ყოველდღიური მონაცემები. ამის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი გახლავთ ის, რომ გამოჯანმრთელების ყოველდღიური მაჩვენებელი ახალ ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს. ეს იმ ფონზე, როდესაც ტესტირება სერიოზულად გაფართოებულია, გაოთხმაგებულია PCR ტესტების მაჩვენებელი ქვეყანაში. ანუ, უფრო მეტი ადამიანია გამოკვლეული და ნაკლები ინფიცირებული ვლინდება.“
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ, “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, ძნელია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ვირუსის პრობლემა დაძლეულია. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ამ პრობლემასთან თანაცხოვრებას და ამავდროულად, ქვეყანაც მოემზადოს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება.
ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.
15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.