საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფორმაციას ამის შესახებ, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ქალს კვლევა გუშინ ჩაუტარდა და დღეს დილით COVID- 19 დაუდგინდა. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი ვისთანაც ჰქონდა შემხებლობა ინფიცირებულს.
„წინა მაგალითიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, გადაწყვეტილად არაფრის თქმა არ შეიძლება. ჩვენ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ქალბატონი, რომელიც არის სამედიცინო პერსონალი და ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს, სავარაუდოდ კვალს მივყავართ აქეთკენ, რომ ის ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობდა და საგარეჯოში იყო ჩამოსული, სადაც მისი საცხოვრებელია. ამ ქალბატონს კორონავირუსზე ტესტირება გუშინ ჩაუტარდა. გაფართოებული და მიზანმიმართული კვლევები მთელი კახეთის მასშტაბით ტარდება, განსაკურებით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალზე. დღეს დილით დადებითი პასუხი მივიღეთ. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ყველა კონტაქტის ძიება. ყველა კონტაქტი მოძიებულია, როგორც ოჯახის, ასევე სხვა შესაძლო კონტაქტი, როგორც სამედიცინო პერსონალთან, ასევე თბილისშიც. ტესტები აღებულია და გაგზავნილია. ალბათ, ხვალ დილით პასუხები მზად იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება.
ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.
15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.