“მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებს ჰქონდა ადგილი და რელიგიურმა ლიდერებმაც ითამაშეს გარკვეული როლი” – აღნიშნული განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, დირექტორი ამირან გამყრელიძე, გუშინ ბოლნისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“ასე მოგვცეს ინფორმაცია, რომ თითქოს მათი მოლა და მუფთი თანამშობს ცუდ როლსო” – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, განმეორებით ტესტირებებს, რომელსაც ადგილობრივები ითხოვენ, ვერ ჩაატარებენ.
“განმეორებითი კვლევები მათ ჩაუტარდებათ 4 დღის შემდეგ, 8 დღის შემდეგ, მკურნალობის პროცესში. ახლა ჩვენ რომ დავყვეთ იმათ იმას და განმეორებით კვლევებზე წავიდეთ, ეს ნიშნავს, რომ მთელი ხალხი ატყდება, რომ განმეორებითი იყოს […] ახლა მე ხვალ მინისტრთან მექნება საუბარი, რომ ჯანდაცვის ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს რეგიონში. მარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვა ვერ ვეყოფით. თითოეულ მერთან უნდა იყოს მარჯვენა ხელი, ვინც ამ სამედიცინო პროცესებს მართავს”, — აღნიშნა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივებმა, ექიმებს, კორონავირუსით ინფიცირებულის კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს.