ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივებმა, ექიმებს, კორონავირუსით ინფიცირებულის კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს – ინფორმაციას ამის შესახებ “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფაქტს სოფელ მუშევანში ბოლნისის მერის წარმომადგენელი რობიზონ სელიმაშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ ექიმები სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულების გადასაყვანად, დაახლოებით, 19 საათზე მივიდნენ, თუმცა სოფლის მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია.
“გვითხრეს, ჩვენს სოფელში ვირუსი არ არის, გაგვანებეთ თავიო და დაგვიშინეს ქვები და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია”, – განაცხადა სელიმაშვილმა.
როგორც ირკვევა, პოლიციამ და ექიმებმა სოფელი ამ დროისათვის დატოვეს. მერის წარმომადგენლისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 566 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 207 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების შვიდი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,337,826 მიაღწია. გარდაიცვალა 235,288 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,054,833 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.