ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრეპარატ “რემდესივირზე” ჯერჯერობით რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა არსებობს”- გამყრელიძე

გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატ “რემდესივირზე” რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა არსებობს, თუმცა მათ შორისაა დასაიმედებელი კვლევაც.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ამ პრეპარატის მწარმოებელი კომპანია “გილიადი” ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანია და ამასთან, საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

“ამ პრეპარატზე ჯერჯერობით არის რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა, თუმცა ძალიან დამაიმედებელი ამევე დროს. იყო დიდი მეცნიერის, ფაუჩის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ დიდ კვლევაში პრეპარატმა უფრო ნაადრევ ეტაპზე, ხუთი-ექვსი დღით შეამცირა ორგანიზმში ვირუსის განულების მაჩვენებელი და ამავე დროს, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შეამცირა. თუმცა, ძალიან ბევრი რანდომიზირებული კვლევა მიდის ამ პრეპარატზე“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს.

ცნობისთვის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, კომპანია “გილიადის” წარმომადგენელმა ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო მედიკამენტებზე ჩატარებული საერთაშორისო ტესტირების შედეგები წარუდგინა.

ანტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად ჩატარებულმა კვლევებმა პრეპარატ “რემდესივირზე” პოზიტიური შედეგები აჩვენა.

ფაუჩის თანახმად, პრეპარატ “რემდესივირმა”, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებზე იქნა გამოყენებული, სიმპტომების, ასევე, სიკვდილიანობის დონე შეამცირა.

“კვლევამ დაადასტურა, რომ პრეპარატს შეუძლია ვირუსის დაბლოკვა”,- განაცხადა ანტონი ფაუჩიმ.

იტვირთბა....