დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მთავრობის მიერ წარდგენილ თვითდასაქმებულების დახმარების გეგმას გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ ყოველივე ეს ბიუროკრატიული აპარატის შექმნის საფუძველს იძლევა.
ამის შესახებ ბექა ნაცვლიშვილმა ონლაინგაზეთ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა.
ნაცვლიშვილის განმარტებით, მთავრობის პირობა, რომ თვითდასაქმებულმა იურიდიული პირისგან შემოსავლის დაკარგვის ცნობა წარადგინონ, აბსურდულია, ვინაიდან თვითდასაქმებული ადამიანია ის, ვისაც დამსაქმებელი არ ჰყავს.
დამოუკიდებელი დეპუტატის მოსაზრებით, დახმარება უნდა ყოფილიყო არა მიზნობრივი, არამედ საყოველთაო, რის შედეგადაც ყველა უმუშევარი მოქალაქე მიიღებდა ფინანსურ მხარდაჭერას.
“არაფორმალურად მომუშავე ადამიანები თვითდასაქმებულად ვერ ჩაითვლებიან. გამომდინარე იქედან, რომ თვითდასაქმებული არის პირი, რომელსაც დამსაქმებელი არ ჰყავს. ინდმეწარმე რომელსაც დამსაქმებული ჰყავს, ის თვითდასაქმებული არ არის. და მთავრობა იურიდიული პირისგან დამადასტურებელ ცნობას ითხოვს. ზუსტად ამას ვამბობთ, ყველაფერი გართულდა, იქმნება ბიუროკრატია. წარმოდგენა არ აქვთ სოციალურ-პოლიტიკას ვინც განაგებს, წარმოდგენა არ აქვს ამ პოლიტიკაზე. მთავრობაში წარმოდგენა არ აქვთ, ან ვინაა დასაქმებული, ან ვინაა დამსაქმებელი. ამას თავი დავანებოთ, გამოდის შეიქმნება ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც ამ ფულის გადარიცვას გაართულებს, იმიტომ რომ ბევრად ცოტა ადამიანმა მიიღოს აქედან სარგებელი. ამიტომ უნდა ყოფილიყო დახმარება საყოველთაო. ვინც დღეს არაა დასაქმებული, სახელმწიფოს უნდა მიეცა დახმარება. თორემ ამის გარჩევას, ვინ როდის დაკარგა სამსახური, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ეს სერჩევითი პრინციპი არის აბსურდული და გაუგებარი,_ აცხადებს ნაცვლიშვილი.
აქედან გამომდინარე, ნაცვლიშვილის შეფასებით, წარდგენილი გეგმა კრიზისის დაძლევას ნამდვილად არ ემსახურება.
“აქედან გამოდმინარე, ვერანაირ ანტიკრიზისულ, ან კრიზისის დასაძლევ გეგმაზე ვერ ვისაუბრებთ. უბრალოდ, ადამიანები იმდენად მძიმე ვითარებაში არიან ჩავარდნილები, რომ ეს მიზერული დახმარებაც კი მათთვის ძალიან დიდი შველაა. მაგრამ ბევრი ადამიანი რჩება დახმარების გარეშე. და ეს დახმარება არის ძალიან მცირე და შეიძლებოდა ამ დახმარების გახრდა”,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.
სოციალური დახმარება გათვალისწინებულია, ასევე, პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვისაც.