ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„იძულებული გავხდით, მუშევანი, ხატისოფელი და ვანათი ჩაგვეკეტა” – ქვემო ქართლის გუბერნატორი

ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, დადასტურებულ შემთხვევებთან დადგენილი არ არის გავრცელების წყარო.

„იძულებული გავხდით, მუშევანი, ხატისოფელი და ვანათი ჩაგვეკეტა. იქ არის პოლიციური დანაყოფები, რომლებიც აკონტროლებენ მოსახლეობის გადაადგილებას შესვლას და გამოსვლას, ეს არის იძულებითი ღონისძიება. მუშევანში ოჯახური კლასტერია დაინფიცირებული, ისევე როგორც ხატისოფელში. ჩვენ მაქსიმალურად გვინდა მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ შეგნებულად მიუდგნენ ამ გამოწვევას და მაქსიმალურად შეზღუდონ კომუნიკაცია და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ქვემო ქართლის გუბერნატორის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები არიან გაძლიერებეული ჯგუფებით წარმოდგენილი და მათ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში ძალიან ბევრი საკვლევი მასალა აიღეს.

„მაქსიმალურად შევეცდებით გამოვრიცხოთ რისკები, მოვიცვათ მჭიდრო კონტაქტები და გავარკვიოთ რეალურად მდგომარეობის სიმძიმე, თუმცა მართვადია პროცესი. კიდევ ერთხელ ვამბობ და მაქსიმალურად გვინდა მხარდაჭერა, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე, დარჩნენ სახლში, ყველა სერვისი, რაც კი საჭირო იქნება სოფლებში, იქნება თვითმმართველობიდან უზრუნველყოფილი. მომზადებული ვართ, მომარაგდება ყველა საჭიროებით ოჯახები“, – განმარტავს შოთა რეხვიაშვილი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.

იტვირთბა....