ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ანტიკრიზისული გეგმის წარდგენით „ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო” – დოლიძე

იურისტი ანა დოლიძე მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისული გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული გეგმით, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანია დაიწყო.

როგორც დოლიძე აცხადებს, ყველა ის შეღავათი და დახმარება, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმაშია გაწერილი, უნდა გაიცეს არა 6 თვის განმავლობაში, არამედ ერთჯერადად ან ერთი კვარტლის განმავლობაში.

“ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ბევრ სხვა საკითხებთან ერთად, საინტერესო იყო სოციალური დახმარების გაცემის ვადები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაასახელა. ყველა ის შეღავათი და დახმარება, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმაშია გაწერილი, უნდა გაიცეს არა 6 თვის განმავლობაში, არამედ ერთჯერადად ან ერთი კვარტლის განმავლობაში, როგორც ეს უამრავმა ქვეყანამ გააკეთა. პრემიერს კი არ უთქვამს არცერთი ვადა, გარდა ექვსი თვისა, ანუ თუ ყველაფერი უცვლელად გაგრძელდა როგორც იყო გათვალისწინებული, საქართველოში სწორედ ექვს თვეში იქნება არჩევნები. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გაწერილი დახმარებები სხვა არაფერია, თუ არა „ქართული ოცნების“ სურვილი მოიგოს არჩევნები. ყველა ის დახმარება და შეღავათი, რომელიც წავა საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ჩემი და თქვენი გადახდილი გადასახადებიდან, აგრეთვე იმ საგარეო ვალიდან, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო კორონავირუსის პერიოდში, ეს ჩაითვლება და მოხმარდება მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიას. ამ გზით საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ განცდა, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენთვის რაღაც გააკეთა, თუმცა საბოლოოდ, ის ორი კაპიკი, რასაც ეს პარტია დაარიგებს, მათთვის სასარგებლოდ ჩაითვლება”, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს პრივილეგირებული „კლასტერი“ სარგებლობს.

„პრემიერი უკვე დიდი ხანია უმკაცრესად მიუთითებს მთელს საზოგადოებას, ბიზნესს, რომ მათ დაიცვან ჰიგიენის ნორმები და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები, მათ შორის საჯარო შეკრების დროს პირბადეების გამოყენების და დისტანციის დაცვის წესები. ამ პირობებში კი მთავრობის სხდომაზე ვნახეთ დაახლოებით, ორმოცი ადამიანის შეკრება, რომლებმაც ყველა ეს წესი დაარღვიეს. პატივცემული მინისტრები, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩინოვნიკები, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ, ერთად არღვევდნენ ყველა იმ წესს, რომლის ზედმიწევნით შესრულებას მოგვიწოდებს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ამ შემთხვევაში კანონის აღსრულება არავის აწუხებს და არც არავინ დააკისრებს ჯარიმას. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი და საზოგადოების უპატივცემულობა “, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

დღეს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....