საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, “იმედის” პირდაპირ ეთერში, საგანგებო მდგომარეობის დროს დაჯარიმებულ პირებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ჯარიმების გაუქმება არ იგეგმება.
“ექიმებმა, ექთნებმა, ეპიდემიოლოგებმა კოლოსალური სამუშაო გასწიეს ამ თვეების განმავლობაში. იცით, რამხელაა რისკები ნებისმიერ ჩვენგანის უპასუხოსმგებლო დამოკიდებულების შემთხვევაში, რომ შესაძლებელია ამან მცირე ეპიდ აფეთქება გამოიწვიოს, რაიონის, ან რეგიონის ჩაკეტვა, რითაც ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძიანს იღებს.
თუ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს ებევრებათ 3 000 ლარიანი ჯარიმა, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მეორე მხარეს დგას ადამიანების ჯანმრთელობა, რომელიც შეუფასებელია…
ჩვენ ამ არგუმენტებით ვხელმძღვანელობდით, როდესაც ვაწესებდით ამ სამართლიან სანქციებს. ამ მომენტში არანაირი მსჯელობა ამ ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ყოფილა და მისი გაუქმება არცაა დაგეგმილი”, – აცხადებს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით შსს-ს მიერ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 15 714 000 ლარი შეადგინა.
დღეს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.