ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მოსახლეობის დასახმარებლად მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, რომელიც მას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.
ამასთან, თურნავას მოსაზრებით, მთავრობამ თავისი დახმარების პაკეტით ოპოზიციის წევრებს სათქმელი არ დაუტოვა და მათ “მიზანში ვერ გაარტყეს.”
ნათია თურნავა აღნიშნულით ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესახებ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არსებულ კრიტიკას გამოეხმარურა.
“თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პროგრამა არის საყოველთაო და არც ერთი კატეგორია არ გვინდა რომ გამოგვრჩეს. რაც შეეხება ოპოზიციას, სათქმელი არ დავუტოვეთ ჩვენ ოპოზიციას, ამიტომაც ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან -მეორეს, მაგრამ ვერ გაარტყეს მიზანში ვერც ერთი ნათქვამი,“- განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. შეღავათები ექნებათ პენსიორებსაც, კერძოდ, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით.