თბილისის ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შსაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა შენარჩუნდეს, მაგრამ ამან მოსახლეობის ცხოვრების პარალიზება არ უნდა მოახდინოს.
ამის შესახებ ცერცვაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ მედიკოსებმა შეზღუდვების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებაზე რეკომენდაციები გასცენ.
“ინფიცირებულების რაღაც რაოდენობა ქვეყანაში შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება მოახდინოს. აი, ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება COVID19-თან ერთად.
ამ ეტაპზე ითვლება, რომ ეს ზომები საკმარისია, რამდენადაც საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი დრამატული არ არის, ევროპასა და ამერიკაში ერთ -ერთი საუკეთესოა. ამიტომ, ზომების შემდგომი გამკაცრება ამჟამად საჭიროდ არ მიმაჩნია, მაგრამ თუ ისევ ასეთი უპასუხისმგებლობის გამოვლენა იქნება, როგორიც მარნეულში და თუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეულ სტაბილიზაციას ჩვენივე ხელით დავანგრევთ, თუ ასეთი უპასუხისმგებლო შეკრებები გაგრძელდება, როგორიც სრულიად არ არის საჭირო ცალკეულ ადგილებზე, მაშინ დღის წესრიგში ზომების გამკაცრების აუცილებლობა დადგება. ყველას მინდა მოვუწოდო, დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ მათი გამკაცრების აუცილებლობა არ დაგვიდგეს“,-განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.
მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.