ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა. ადგილზე 5 გამშვები პუნქტი მოეწყო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება.
ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ავრცელებს.
რწმუნებულის განცხადებით, სოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს სოფლიდან გასვლა აეკრძალათ და ინფიცირებულტან კავშირში მყოფი კონტაქტების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
“გუშინ კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ფაქტობრივად, კრიზისული ფაზა მათ გადავლილი აქვთ, თუმცა სარისკოა მოსახლეობასთან კონტაქტი და, რა თქმა უნდა, ისინი გადაყვანილი გვყავს ინფექციურ საავადმყოფოში. მანამდე იყო 6 ინფიცირებული და ჯამში ამ სოფელში კოვიდინფექცია 10 ადამიანს დაუდასტურდა,”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, მთავრობის გადაწყვეტილებიტ ზომები გამკაცრდა და მოსახლეობის ტერმოსკრინინგი დაიწყო. თერჯოლაში ვირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა 10 აპრილს დადასტურდა.