ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საგანგებო ვითარების გაგრძელება, არ ნიშნავს იმას, რომ 22 მაისის ჩათვლით ყველა შეზღუდვის მოქმედება გაგრძელდება”- ცქიტიშვილი

ეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის,  მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საგანგებო ვითარების გაგრძელება დამოკიდებულია იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

როგორც მაია ცქიტიშვილი აღნიშნავს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ იმოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რაც დღესაა დაწესებული.

“საგანგებო ვითარების გაგრძელება, არ უნდა იყოს აღქმული ისე რომ 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება ყველა იმ შეზღუდვის მოქმედება, რომელიც არის დაწესებული დღეს. საგანგებო მდგომარეობა არის სამართლებრივი სტატუსი, ბერკეტი, რომელიც სახელმწიფოს მის სტრუქტურებს აძლევს შესაძლებლობას თუნდაც გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, ან მოხსნას. ეს შეზღუდვებიც თანდათან იცვლებოდა, დაავადების გავრცელების რისკიდან გამომდინარე. შესაბამისად, ყველა ეს შეზღუდვა ასევე ეტაპობრივად უნდა მოიხსნას მას შემდეგ, რაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს

ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ერთი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მეორე ბრძოლის ხაზი გადის ეკონომიკის ჯანმრთელობაზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე და მის განვითარებაზე,’- განაცხადა  მაია ცქიტიშვილმა.

პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.“ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებისაგან, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვდნენ.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მზად არაა და ბოლო ერთმა თვემ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა.

შეგახსენებთ, მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.

იტვირთბა....