ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის 11 წლის მოზარდიცაა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან ერთი 11 წლის მოზარდია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით,  ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი ერთი ოჯახის წევრები არიან, მათგან ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მათ ცენტრში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული 94 პაციენტი მკურნალობს.

“რაც შეეხება ახალ შემთხვევას, გუშინ შემოვიდა სამი პაციენტი, ერთი ოჯახის წევრები არიან ყველანი. ორი საშუალო სიმძიმის არის, 11 წლის მოზარდია ერთი, რომელიც აბსოლუტურად კარგად გრძნობს თავს, ერთის მდგომაროება მსუბუქია.

მათი კლასტერის ისტორიას ვერ მოგახსენებთ,ერთი ოჯახის წევრებია, სად დაავადნენ ვერ გეტყვით, ამას იძიებს ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრი“ , – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი სამი შემთხვევის წყარო ცნობილია. მისი თქმით,  ინფიცირების წყარო ბოლნისის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებისა და ე.წ. სვანეთის კლასტერს უკავშირდება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. მათგან  98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.

კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, 68 წლის მამაკაცია. ინფიცირებული მამაკაცი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან იყო და მისი მდგომარეობა თანმხლები დაავადების გამო პირველივე დღიდან კრიტიკულად ფასდებოდა.

 

იტვირთბა....