საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, 68 წლის მამაკაცია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან იყო და მისი მდგომარეობა პირველივე დღიდან კრიტიკულად ფასდებოდა.
ლალი ტურძელაძის თქმით, გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა
“სამწუხარო ამბავია, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 68 წლის მამაკაცი, ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ჩვენთან აპარატულ სუნთქვაზე იყო კარგახანია. პაციენტს ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეპტიური შოკი, სეფსისი, სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია“ , – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. მათგან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.