ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენთან ეპიდემიის გავრცელების მრუდი ჯერჯერობით გახლავთ გლუვი და ის არ გახდა ციცაბო”- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვამ და მედპერსონალის ეფექტურმა მუშაობამ გამოიღო შედეგი და ქვეყანაში ვირუსისი ფართოდ გავრცელება ამ ეტაპზე არ შეინიშნება.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი რომ 10-ს არ აღემატება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

“საქართველომ, ჩვენმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ, პროფესიონალებმა – მხედველობაში მყავს ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართულია მესაზღვრიდან და მებაჟიდან დაწყებული, მძღოლამდე, ვისაც დღეს გადაჰყავს პერსონალი, ყველამ მოვახერხეთ ის, რომ ერთად დღეს ჩვენთან ინფექციის გავრცელება არ არის მაღალი;  ჩვენთან ეპიდემიის გავრცელების მრუდი ჯერჯერობით გახლავთ გლუვი და ის არ გახდა ციცაბო.

წინა კვირაში გახსოვთ, გვქონდა სამი ნახტომისებური ზრდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ უმრავლესობამ დაიცავით ის რეკომენდაციები, რასაც საქართველოს სახელმწიფო იძლეოდა მოსახლეობის მიმართ და ასევე, ვიძლეოდით ჩვენ, ექიმები, მოვახერხეთ ის, რომ დღეს ისევ ზრდის მაჩვენებელი არ სცილდება ყოველდღიურ 10 ახალ შემთხვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

.ცნობისთვის, საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ვირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა. ამ დღის მონაცემებით, ქვეყანაში 34 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შედარებით მაღალი მაჩვენებელი იყო დაფიქსირებული წინა დღეებშიც. კერძოდ, 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 15 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი. ეს იყო პირველი დღე, როცა ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

იტვირთბა....