საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ს განცხადებით, ქვეყანას ხალხის დასახმარებლად თანხა არ გააჩნია და თითქოს მათ 3 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
სააკაშვილი აღნიშნულით ეკონომიკის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათია თურნავამ თქვა, რომ ქვეყანამ უცხოური დონორებისგან 3 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება მოახდინა
“მთავრობაში განაცხადეს, რომ ჩემი შეთავაზებისგან არაფერი არ გამოვა, ეს ყველაფერი ტყუილია და თვითონ 3 მილიარდი ლარი მისცეს ხალხს. არანაირი 3 მილიარდი ლარი არ არსებობს, ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაიტანეს, მაგრამ მათ ფიზიკურად არ აქვთ ეს ფული. როცა ხელისუფლებაში იყო 5 მილიარდი დოლარი, იმ პირობებში როდესაც მსოფლიოში დიდი კრიზისი იყო, მაინც წამოიღეს და საქართველოს ეკონომიკა 2008-2009 წელში რეალურად გადაარჩინეს.ამათ დავუტოვეთ რამდენიმე მილიარდი ლარი თავისუფალი სახსრები 2012 წელს და ეს ყველაფერი შეჭამეს,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ დღესაც კი, როცა ის ხელისუფლებაში აღარაა, ბევრად მეტი ავტორიტეტი შერჩა, ვიდრე მმართველ გუნდს მთლიანად.
“თქვენთვის მე კაპიკის მომტანი ნამდვილად არ ვარ, უფრო მეტიც, რაც წაიღეთ იმასაც მოგატანინებთ უკან თქვენ და თქვენისთანებს. მაგრამ, ქართველი ხალხისთვის მომტანი ვარ მრავალი მილიარდის და შემიძლია ეს ახლაც გავაკეთო, როდესაც ქვეყნის გარეთ ვიმყოფები. ბევრად მეტი ავტორიტეტი შემრჩა, ვიდრე თქვენ ყველას ერთად აღებულს,”- განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება გაავრცელა. სააკაშვილი ითხოვს, რომ მას მისცენ საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან დახმარებას ჩამოიტანს.
ეკონომიკისა მინისტრმა ნათია თურნავამ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას უპასიუხა. როგორც მინისტმა განაცხადა, საქართველომ გლობალური პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო დონორებისგან, ჯამში, 3 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება მოახდინა. ხოლო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს 4 მლრდ-ის ოდენობის სესხი მოიზიდეს, რაც დიდი ვერაფერი მისაბაძია იმიტომ, რომ 2008 წელს მსოფლიო დღევანდელი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისის წინაშე არ იდგა. მან ექსპრეზიდენტის განცხადებას პოპულისტური და არასერიოზული უწოდა.