თუ მე მასანქცირებ, მე დამასანქცირე, ქართველი ხალხისგან რა გინდა? ხომ აცხადებ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგახარ? ეს ყველაფერი ტყუილზე დაფუძნებული მოქმედებებია – როცა ასეთ მასობრივ ტყუილთან გვაქვს საქმე, ამის გამო ეროვნული ინტერების დაცვაზე უარს არ ვიტყვით- ასე აფასებს თენგიზ შარმანაშვილი ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სტატუსი შესაძლოა, დაკარგოს.
შარმანაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ყველა იმ წესს იცავს, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის განსაზღვრული.
„როდესაც ჩვენ გვქონდა პირველი ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იყო გარკვეული პირობები. როდესაც ისმოდა კითხვები, რომ რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, მათ შორის ერთსქესიანთა ქორწინებაზე და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მათი პასუხი მაშინ იყო, რომ ეს შიდა ეროვნული კანონმდებლობის საქმეა და არ უნდა გამოგვეყენებინა პროპაგანდისტულად, რომ თითქოს ვინმე ამას თავს გვახვევდა ან რაიმე მსგავსი. ასევე, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მარტო ხომ არ ვიყავით ამ საკითხებში? ჩვენზე რადიკალური კანონი მიიღო საფრანგეთმა, ახლა ევროკავშირიც იმავე გზას ადგას. აშშ-მა კი გასული საუკუნის 30-იან წლებში მიიღო. ანუ, ეს ცივილიზებულ სამყაროსთვის უცხო კანონმდებლობა არ იყო. მიუხედავად ამისა, ეს პირობები დაგვიყენეს და ხვალ შეიძლება კიდევ დამატებითი დაგვიყენონ. ეს არ არის თამაშის წესების დაცვა. ყველა იმ წესს ვიცავთ, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის განსაზღვრული და ვამბობთ, რომ 2028 წლისთვის, თითქმის, 100%-ით გვექნება შესრულებული. ასეთ პირობებში [პირობების] დაყენება ნიშნავს, რომ თითქოს შარს ეძებენ, რა შარი მოგდოთ საქართველოს, რომ უარი ვუთხრათ რაღაცაზე.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას – ყველა იმ წესთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეს მონიტორინგის ჯგუფები ჩამოდიოდნენ, ყოველ წელს დადებითი ტენდენციები იყო და აღნიშნავდნენ, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ამ საკითხებს. ამის მიუხედავად, დამატებითი ელემენტების შემოტანა დაიწყეს. ასეთ პირობებში ჩვენი პასუხია, რომ ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ. თუ ამის გამო ერს დასჯიან, ეს უკვე მთლიანად გააბათილებს იმ საქმეს და ნარატივს, რომელიც მათ აქვთ: „ჩვენ ქართველის ხალხის გვერდით ვდგავართ, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებას არ მოგვწონსო“.
თუ მე მასანქცირებ, მე დამასანქცირე, ქართველი ხალხისგან რა გინდა? ხომ აცხადებ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგახარ? ეს ყველაფერი ტყუილზე დაფუძნებული მოქმედებებია. როცა ასეთ მასობრივ ტყუილთან გვაქვს საქმე, ამის გამო ეროვნული ინტერების დაცვაზე უარს არ ვიტყვით.
ევრობიუროკრატია ამას აკეთებს იმის გამო, რომ თავის ჭკუაზე გვატაროს იმ მიმართულებით, რომ მათი გეგმები შევასრულოთ. პირველ რიგში, იმ დონის კონფრონტაცია გავაჩაღოთ რუსეთთან, რომელიც აუცილებლად სამხედრო კონფრონტაციამდე მიგვიყვანს“- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ევროკომისია ასკვნის, რომ “საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის”. ახალი წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის. მეორე ეტაპზე, [უვიზო მიმოსვლის] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების მესამე ქვეყნების სია).

