პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, თუ ვინმეს რჩევის ან შენიშვნის მიცემის სურვილი აქვს, შეუძლიათ ექიმებთან ერთად კლინიკებში იმუშაონ, სადაც სასიკვდილო სივრცეა.
აღნიშნულით რატიანი ჟურნალისტებთან კორონავირუსის კლინიკურ მართვაზე გამოცემულ პროტოკოლთან დაკავშირებით არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა.
რატიანის თქმით, ექიმებსაც ეშინიათ ამ სივრცის, რადგან მათი დაავადების რისკიც არსებობს და არაა გამორიცხული, ისინი კრიტიკულ მდგომარეობაშიც აღმოჩნდნენ.
“თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის დაირგების და ასე შემდეგ დიდი სურვილი აქვს, აი, ბატონო, კლინიკა, აი, ბატონო, სივრცე, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ. ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, სამწუხაროდ, გვეშინია ჩვენც, რადგან ჩვენც შეიძლება, გავხდეთ დაავადებულები, ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით.
რაც შეეხება გამოსვლებს ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, „ტვინს მოუხმონ“, თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ,” აცხადებს რატიანი.
რატიანის თქმით, ძალიან ძნელია, როცა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები სასიკვდილო სივრცეში მყოფ ექიმებს აქილიკებენ.
“ძალიან ძნელია, ოთახში გამოკეტილები როცა გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს,”- აცხადებს ლევან რატიანი.
17 აპრილს აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა პოსტი გაავრცელა, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება. აღნიშნულ პოსტს თბილისის ინფექციური საავადმყოფო დირექტორი გამოეხმაურა. როგორც კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელიც ამასთან არაერთ ფაქტობრივ ტყუილსაც შეიცავს.
ამასთან, განცხადებაში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველა ავადმყოფის მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით და არასდროს ყოფილან მხოლოდ პლაქვენილის იმედად.