რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში, კოვიდინფიცირებულების გარდა, 34 პაციენტს აკვირდებიან.
როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, მათგან დაახლოებით 20 პირის ანალიზის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან კლინიკა მოგვიანებით შეიტყობს, ხოლო ისინი, ვისაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დღეს კლინიკას დატოვებენ.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ წუთას 67 პაციენტი გვყავს. აქედან 33 არის დადასტურებული კოვიდინფექციით და დანარჩენი პაციენტები არიან დაკვირვების რეჟიმში. უტარდებათ გამოკვლევები, ტესტირება და შესაბამისად, ტესტირების პასუხის შემდგომ გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკებში იმის მიხედვით, თუ რა დიაგნოზი დადგინდება. ზოგს ისევ დავაბრუნებთ კარანტინში. ჩვენთან კარანტინის ზონიდანაც გადმოდიან პაციენტები, რომელთაც რაღაც პრობლემები ექმნებათ იქ, ვთქვათ ცხელების სახით, ხველის ან სხვა სიმპტომებით. ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეუძლია კიდევ მიიღოს 50 პაციენტი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
ლევან გოფოძემ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა
„მოწიდება გვაქვს, დარჩით სახლში. როდესაც გარეთ გავდივართ, ჩვენ ვარღვევთ რა იზოლაციის წესებს, ვხვდებით პოტენციური გადამტანი ინფექციუს და ვხვდებით საშიში ჩვენი თანამოქალეებისთვის. სახლში ჯდომა ნიშნავს არა საკუთარი თავის დაცვას, არამედ უფრო მეტად შენი გარშემომყოფების დაცვას, ამიტომაც არის მოწოდება მთელ დედამიწაზე, მათ შორის საქართველოში, რომ დავიცვათ ჩვენი თანამოძმეები, ჩვენი ოჯახის წევრები, ინფიცირებისაგან. მრევლმაც ამაზე უნდა იფიქროს, იფიქროს სერიოზულად და უნდა დარჩნენ სახლში. დღეს თუ დაინფიცირდნენ ადამიანები, ეს გამომჟღავნდება დაახლოებით ერთ კვირაში, ათ დღეში, გვექნება ახალი პიკი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
შეგახსენებთ, 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა დასტურდება. გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 527.
ამასთან, დღეს საქართველომ კორეისგან 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო.