ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველომ 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული “პისიარ” ტესტი მიიღო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კორეიდან ჩამოსული ტესტების გადმოტვირთის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდნენ.

ტესტები კორეულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და კორეაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით იქნა შეძენილი და ტრანსპორტირებული. ტესტები შეძენილი იქნა „საქართველოს ბანკის” აქტიური ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს დავალებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში COVID-19 პანდემიისათვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობისა და პრეპარატების მომარაგების პროცესში.

შეგახსენებთ, 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა დასტურდება.  გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 527.

 

იტვირთბა....