ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამი მოზარდი პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს” – ლევან რატიანი

“პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სამი მოზარდი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ფიზიოლოგიურ პირობებს შეესაბამება”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, ასევე სტაბილურია აღნიშნულ კლინიკაში გადაყვანილი ინფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობაც.

„რაც შეეხება სამ მოზარდ პაციენტს, მათი მდგომარეობა აბსოლუტურად შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს, არანაირი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ არის. ასევე ყველა მედპერსონალი, რომელიც ჩვენს კლინიკაშია გადმოყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია, გართულებების გარეშეა ამ ეტაპზე და ბოლო 24 საათია, არც ერთ მათგანთან, განსაკუთრებით ორ სტუდენტთან, რომელიც არის გადმოყვანილი სხვა კლინიკიდან, არ დაფიქსირებულა არანაირი კლინიკური გამოვლინება „კოვიდინფექციის“, – განაცხადა რატიანმა.

ამასთან, რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ მიღებულ ახალ ინფიცირებულებს ჩაუტარდათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ერთთან გამოვლინდა მწვავე პნევმონია და ის სიმპტომურად მკურნალობს.

შეგახსენებთ, 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა დასტურდება.  გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 527.

ამასთან, დღეს საქართველომ კორეისგან 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო.

იტვირთბა....