იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის კორონავირუსით დაინფიცირებულმა მოძღვარმა, გიორგი პაპავამ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 12 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ზიარება მრევლთან ერთად მიიღო.
რაც შეეხება სიმპტომებს, როგორც სასულიერო პირი აცხადებს, ის გრძნობდა სისუსტეს, და აღენიშნებოდა ტემპერატურა.
„მხოლოდ სიცხე მქონდა, მეტი არაფერი.ზოგადად, ბრონქების პრობლემა მაქვს და მაგის გამო მაქვს სისუსტე, მითუმეტეს მარხვაში. ამიტომ მიკეთებდა (გადასხმას და). იმის გამო არა რომ კორონა… ბოლოს ეკლესიაში ხარებას ვიყავი, წირვა აღვავლინე ჩვეულებრივ, რა თქმა უნდა, დისტანციურად“, – განაცხადა მამა გიორგი პაპავამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეზიარა თუ არა თვითონაც, სასულიერო პირი პასუხობს: „რა თქმა უნდა, ყველა ეზიარა იქ ვინც იყო… ალბათ მრევლიც ეზიარა. მე გარეთ არ გავსულვარ“.
მამა გიორგი პაპავას თქმით, მისი ინფიცირების წყარო სავარაუდოდ ის საავადმყოფოა სადაც მისი და მუშაობს.
„ჩემს დასთან საავადმყოფოში ვიყავი და იქ დავინფიცირდი. ხალხმრავლობა იყო, ხალხი შედიოდა და გამოდიოდა შესაძლოა, იქ დავინფიცირდი.
ეს არის ვირუსი, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება, დაგეტაკოს. ამისგან დაზღვეული არც თქვენ ხართ, არც მე და არც არავინ დედამიწის ზურგზე. დაზღვეული რომ ვყოფილიყავით, ამდენ ადამიანს არ დაემართებოდა და ზოგიერთი ფატალურად არ დამთავრდებოდა“, – განაცხადა სასულიერო პირმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 296 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 69 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 458.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,949,661 მიაღწია. გარდაიცვალა 121,927 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 460,541 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.