ახალი ამბები მთავარი

“ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს” – გიორგი გახარია

“კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა აღასრულოს. ისევე როგორც ეკლესიის არდახურვა და ეკლესიის ფუნქციონირება..” – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს.

„მე, პირადად იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების და სიბრძნის და რატომ? იმიტომ, რომ კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა აღასრულოს. ისევე როგორც ეკლესიის არდახურვა და ეკლესიის ფუნქციონირება ბევრი ჩვენი პატივსაცემი მორწმუნე ადამიანისთვის ასევე ეგზისტენციალური საკითხია. ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი. ეს არის ის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქე სწორ გამოსავალს იპოვის. რა თქმა უნდა, მთავრობა და მე, პირადად მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ნუ დავაყენებთ ეკლესიას ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს. რატომ ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს? ჩვენი გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს თუ არ გვაქვს უნარი, ასეთ განსაკუთრებულ სიტუაციაში ჩვენ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა ისევე როგორც ეკლესიაზე, ასევე – სახელმწიფოზე. ასეთ შემთხვევაში კარანტინი, რა თქმა უნდა არ დაგვჭირდებოდა და იდეალური რა იქნებოდა იცით ? ის, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქ უნდა მივიდეთ. არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა, ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მოწოდება. მე, პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს“, – განაცხადა გახარიამ

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 296 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 69 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  4856 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 458.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,949,661 მიაღწია. გარდაიცვალა 121,927 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 460,541 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....