საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აღდგომის დღესასწაულზე ეკლესია არ დაიხურება.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერი იმედოვნებს, რომ აღდგომის დღეს მოქალაქეები კანონს დაიცავენ და ამით გაუფრთილხებიან როგორც მათ ჯანმრთელობას, ასევე ეკლესიას.
“მე, პირადად იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების და სიბრძნის და რატომ? იმიტომ, რომ კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა აღასრულოს. იდეალური რა იქნებოდა იცით ? ის, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქ უნდა მივიდეთ. არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა, ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მოწოდება. მე, პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
13 აპრილს მთავრობის წარმომადგენლები, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოში მივიდნენ. შეხვედრის ერთ-ერთი თემა სააღდგომი ლიტურგიის შესრულების საკითხი იყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიას არ ეხებოდა.
გარდა ამისა, განცხადება გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ, რომლის მიხედვითაც სააღდგომო მსახურება ჩატარდება, ხოლო რა ფორმით, დეტალური ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.