“ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განმარტებით, აშშ-ის საელჩოს მოკლე განცხადება ყველა კითხვის პასუხია.
აღნიშნულით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
უსუფაშვილის განმარტებით, აშშ-ის საელჩომ ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, რომ 8 მარტს დადებული შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს.
მისივე შეფასებით, ხელისუფლება ძალიან მძიმედ, ძალიან დიდი ტკივილებით, მაგრამ იძულებულია წავიდეს სწორ გზაზე.
“აშშ-ის საელჩოს მოკლე და ძალიან ტევადი განცხადება არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ისმოდა იმის თაობაზე, თუ რას მოიცავდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება. ის საეჭვო პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები უნდა მოგვარდეს ისე, რომ მან პოლიტიკური პროცესების ასე თუ ისე ნორმალიზების საშუალება გააჩინოს. კონკრეტულად ოქრუაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის მითითება, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს, არის ძალიან მკაფიო გზავნილი.
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის ბერკეტი რაც ჩვენს ხელთაა, რომ შეთანხმება შესრულდეს. ჩავთვალოთ, რომ აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება არის ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი და ბერკეტი. ხელისუფლება ძალიან მძიმედ, ძალიან დიდი ტკივილებით, მაგრამ იძულებულია წავიდეს სწორ გზაზე,”- აცხადებს უსუფაშვილი.
საქართველოში აშშ-ის საელჩო “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება და სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს. საელჩო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით სასამართლო პროცესების თავიდან არიდებას ემსახურება.
შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა ან მონაწილეობაში სდებს ბრალს.