აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე, ჟურნალისტებთან განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ქობულეთის ე.წ. კლასტერს 6 ინფიცირებული დაემატა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
“ქობულეთის ე.წ კლასტერს 6 ახალი შემთხვევა დაემატა, რომლებზეც ზედამხედველობას ვახორციელებდით, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ექვსივე მათგანის ტრანსპორტირება ხდება ახლა კლინიკა “მედალფაში”, სადაც სულ, სავარაუდოდ გვეყოლება 24 პაციენტი. მათ შორის ორი მათგანის ტრანსპორტირება შეიძლება მოხდეს თბილისში, ერთ-ერთი არასრულწლოვანისაც. სულ აჭარაში გვყავს 6 განკურნებული ადამიანი. ერთი პაციენტი რჩება კვლავ სტაბილურად მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. არასრულწლოვანი არის 10 წლამდე ასაკის მსუბუქი რესპირაციული ჩივილებით”-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
როგორც ნიჟარაძე აცხადებს, აჭარაში ერთ-ერთ კლინიკაში ინფექციის შიდა გავრცელებას სწავლობენ.
“პირველადი ინფორმაციის თანახმად, საავადმყოფოში შიდა ინფექცია არის დაფიქსირებული, მაგრამ კონკრეტული დეტალური ინფორმაცია დასკვნის სახით ჯერ არა გვაქვს. თუკი არის საავადმყოფში შიდა ინფექცია, ეს არის შიდა სივრცეში დაფიქსირებული და არ უნდა დაფიქსირებულიყო, ინფექციური კონტროლის ღონისძიების გარკვეულწილად დარღვევაა. ამ ეტაპზე ბრალეულობაზე ვერ ვსაუბრობთ“, – აღნიშნა ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 243 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 60 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,727,110 მიაღწია. გარდაიცვალა 104,923 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 390,522 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.