ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 17 პაციენტიდან ორი გამოჯანმრთელდა.
სოლოღაშვილის თქმით, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 44 პაციენტი ბოქსირებულ სექტორში, დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზი კი აქვს 17 პაციენტს.
„17 პაციენტიდან ორი გამოჯანმრთელდა, რაც ძალიან კარგი ამბავია. გამოჯანმრთელებულია ორი წლის ბავშვი. ამასთან კლინიკაში დაგვემატა ერთი ბავშვი, მაგრამ ეს ჩვენთან არ დადასტურებულა, გადმოყვანილია ქუთაისიდან და გახდა 17 დადასტურებული პაციენტი. ეს პაციენტი არის სვანეთის კლასტერი, არის ხუთი წლის ბავშვი გამოხატული პნევმონიით.
დანარჩენი პაციენტებიდან ერთი რჩება საყურადღებო, რვა პაციენტი ამ ეტაპისთვის ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა შეიძლება ეს რაოდენობა გაიზარდოს. გამოჯანმრთელებულ ბავშვს თუ აღარ ჩავთვლით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ბავშვი რჩება“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 236 შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, გარდაცვლილია 3. ამასთან, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 ადამიანი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში კი – 4856.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,633,448 მიაღწია. გარდაიცვალა 97,602 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 366,673 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.