ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასეთი პირბადეებით თავის დროზე საქართველოში ყვავილის ვირუსზე მუშაობდნენ”- იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქართული წარმოების პირბადე წვეთოვანი ინფექციისგან დასაცავად ძალიან ეფექტურია და ის მოქალაქეებს მისი გამოყენებიუსკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, მსგავსი პირბადეები თავის დროზე ყვავილის ვირუსზე მუშაობის პროცესში გამოიყენებოდა.

მისივე თქმით, ქართული წარმოების პირბადეების გამოყენება არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ ექიმებსაც შეუძლიათ.

“დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე. დღეს ყველგან დეფიციტია. ამას ერთი მხრიდან აქვს ცხვირის ადგილას მონიშნული ანუ ამას ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო, მონიშნული აქვს ის ადგილი ცხვირზე, სად უნდა გაიკეთო.  ამიტომ ეს აშკარად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვეულებრივი… თავის დროზე საქართველოში ყვავილის ვირუსზე მუშაობდნენ ასეთი პირბადეებით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციისგან ძალიან ეფექტურად. ჩვენ ექიმებს ვურჩევთ იხმარონ რესპორატორი 95 ნომერი რომ ჰქვია, მხოლოდ იმ დროს, როდესაც ექიმები ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას ანუ სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი, დანარჩენ ყველა შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება გამოიყენოს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ”, – განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ქართული წარმოების პირბადე სააფთიაქო ქსელებსი გაყიდვაში ჩაეშვა, მოსახლეობის ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ამასთან დაკავშირებით განცხადებებიც გაკეთდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქართული წარმოების პირბადე საყოფაცხოვრებო ხმარებისთვისაა, ისმრავალჯერადია, გარეცხვასა და გაუთოებას ექვემდებარება.

ქართული წარმოების პირბადე აფთიაქებში 50 თეთრად იყიდება. ხოლო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სახელმწიფოს ერთი პირბადის ღირებულება ერტ ლარზე მეტი დაუჯდა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების გამო სააფთიაქო ქსელში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა, საქართველოში მისი წარმოება დაიწყეს. სამედიცინო პირბადეების დამზადება აჭარაში მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

იტვირთბა....