“თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს, რომელიც მარნეულიდან იყო შემოყვანილი, კორონავირუსზე პირველადი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი მოვიდა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
ლევან რატიანის თქმით, ხვალ ჩატარდება განმეორებითი ტესტი და ეს ქალბატონი კლინიკას რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული დატოვებს.
„ჩვენ გვყავდა პაციენტი, ქალბატონი, მარნეულ-ბოლნისის ზონიდან, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. ეს ქალბატონი რამდენიმე დღის წინ მოიხსნა აპარატიდან. დღეს გავიდა 14 დღე და მინდა გითხრათ, პირველადი ტესტი კოვიდინფიცირების შესახებ მოვიდა უარყოფითი. ხვალ ჩაუტარდება განმეორებითი კვლევა და ეს ქალბატონი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას კოვიდვირუსის გარეშე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დადასტურებული.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.
საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში იმყოფება. ინფიცირებულია ერთ-ერთი ინფექციონისტი, რომელიც საჩხერის მერის მეუღლეა.
გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში გუშინ დადასტურდა – გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.