ახალი ამბები მთავარი

“ახლა არ არის პოლიტიკური კინკლაობისა და ქიშპობის დრო” – თინა ბოკუჩავა

“მთავრობას მივმართეთ თხოვნით, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა უკრაინული ავიაკომპანია „სკაიაპის“ გამოყენებით, მგზავრებისთვის სრულიად უსასყიდლოდ განვახორციელოთ 5 რეისი”,  – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ახლა არ არის ერთმანეთისთვის ნიშნის მოგებისა და პოლიტიკური კინკლაობის დრო და საჭიროა ერთობლივი მოქმედება.

„მთავრობას მივმართეთ თხოვნით, როგორც ეს დეკრეტშია მოთხოვნილი, ყველა ამ წესის დაცვით, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა უკრაინული ავიაკომპანია „სკაიაპის“ გამოყენებით მგზავრებისთვის სრულიად უსასყიდლოდ განვახორციელოთ 5 რეისი, პირველი ეტაპისათვის, რომ მოხდეს დაახლოებით 1000-მდე ჩვენი თანამოქალაქის ტრანსპორტირება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვართ, ავიღოთ ყველა ფინანსური ხარჯი, რაც კი, უკავშირდება ამ რეისებს და ამისთვის მზად ვართ, მათ შორის, რომ ეს თანხები გადავრიცხოთ სპეციალურ ფონდში. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ახლა არ არის ერთმანეთისთვის ნიშნის მოგების დრო, არ არის პოლიტიკური კინკლაობის და ქიშპობის დრო. ახლა არის მოქმედების დრო, მათ შორის, ერთობლივი მოქმედების“ , – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ საკააშვილი, უცხოეთში მყოფ ქართველ მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ესაუბრა.

“ჩვენი წინადადება ძალაშია: როგორც კი დაწერთ ერთ ნოტას ევროპაში და როგორც კი მოგვცემთ ფურცელზე დაწერილ ნებართვას, იქიდან ზუსტად 48 საათში პირველი რეისი წამოვა და ასე წამოვა ყველა დანარჩენი რეისი. ახლა ლაყბობის დრო არ არის – საქმე ლაპარაკის ნაცვლად”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა.  

გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

იტვირთბა....