„მინდა, მთელ ქვეყანას და თქვენც გითხრათ, რომ ერთმანეთისგან რაც შეიძლება სოციალურად დისტანცირებული ვიყოთ, რადგან ამ ვირუსის სტრატეგია, სამწუხაროდ, არავინ ვიცით, არც ერთი სამყაროს ექიმმა და მათ შორის არც მე. მე პირადად თქვენ მოგიწოდებთ, ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს, დავცილდეთ ერთმანეთს, არა მარტო თქვენ, ყველა“
ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
“პირველი არხი”
“ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი არის 67 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორიული დისტრესი გემოდინამიკის რღვევით”, – ამის შესახებ ლევან რატიანმა დღეს ისაუბრა.
შეგახსენებთ, 5 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.
საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში იმყოფება. ინფიცირებულია ერთ-ერთი ინფექციონისტი, რომელიც საჩხერის მერის მეუღლეა.
გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში გუშინ დადასტურდა – გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.