ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით სამი ადამიანი შეიყვანეს. სამივე პირი კლინიკაში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს. როგორც ცნობილი გახდა, ისინი ინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტებს აღენიშნებათ ცხელება და ხველა. სამივე საშუალო ასაკის მამაკაცია.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტების ბიოლოგიური მასალა კვლევებისთვის დღესვე გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი სპორტსმენს დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა. ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.
“პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწავე ტემპერატურული დისტრესი, მწვავე სეფსისი. ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.