“ორ კვირაზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, ხელისუფლება დაითანხმოს ჩვენი მოქალაქეებისთვს უფასო ჩარტერული რეისების განხორციელებაზე. საგანგებო მდგომარეობაა ყველა სახელმწიფოში, აეროპორტები დაკეტილია და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე რეისების განხორციელებაზე ნებართვის მიღება სრულიად შეუძლებელია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაავალოს საელჩოებს და საკონსულოებს, აღნუსხოს ჩვენი მოქალაქეები, სოციალური სამართლიანობის საფუძველზე შეადგინოს მგზავრების სია, იმის გათვალისწინებით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებიანი ოჯახები, სტუდენტები, სამკურნალოდ ჩასული და იქ ჩარჩენილი ადამიანები და ა.შ. უნდა მოხვდნენ ამ სიაში”
გრიგოლ ვაშაძე, “ერთიანი ნაცინოალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი
ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენი წინადადება ძალაშია: როგორც კი დაწერთ ერთ ნოტას ევროპაში და როგორც კი მოგვცემთ ფურცელზე დაწერილ ნებართვას, იქიდან ზუსტად 48 საათში პირველი რეისი წამოვა და ასე წამოვა ყველა დანარჩენი რეისი. ახლა ლაყბობის დრო არ არის – საქმე ლაპარაკის ნაცვლად”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა. ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.
გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.