ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში, ისაუბრა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვას.
„ეს პერიოდი ეპიდემიოლოგების მხრიდან ჯერ არ არის იდენტიფიცირებული როგორც პიკი. პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი და არა სწრაფად მზარდი, რისიც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, ანუ არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს დავუშვათ 50 პაციენტი დღეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვას.
პირველი დღიდან, როდესაც ჩინეთში გავრცელდა ახალი კორონავირუსი, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ 80-82 პროცენტი მოსახლეობის ამ დაავადებას გადაიტანდა უსიმპტომოდ. პრევენციული ღონისძიებები იცავს იმ 18 პროცენტს, რომლის მდგომარეობაც იქნება საშუალო ან საშუალოზე მძიმე სირთულის. კოვიდინფექციის ქცევა ადასტურებს და ჩვენი პრევენციული ღონისძიებები და ქმედებები მიმართულია სწორედ ადამიანების იმ 18 პროცენტის დასაცავად, რომელთა მდგომარეობაც იქნება საშუალო ან საშუალოზე მძიმე სირთულის. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ და მოვახდინოთ მათი დროში გადანაწილება ისე, რომ მივაწოდოთ სათანადო ხარისხის საუკეთესო სამედიცინო მომსახურება, მათი ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლისთვის. ეს არის ჩვენი გეგმა. გარდა ამისა, მეცნიერები საუბრობენ იმ ფაქტზეც, რომ კოვიდინფექციის გავრცელება არ იქნება ერთ ან ორთვიანი, ეს პროცესი იქნება გაცილებით ხანგრძლივი.” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 162 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,152,751 მიაღწია. გარდაიცვალა 61,625 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 240,117 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.