ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა” – ილია II

საქართველოს საპატრიარქო, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.

„ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ;

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს.

სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:

– ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:

– ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია.

– საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში, – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც;

– საერთოდ, რეკომენდირებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში.

– მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია, ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე.

– სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;

– მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით!

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით,“ ამინ!“,- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 117 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 23 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 885,890 მიაღწია. გარდაიცვალა 44,220 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 185,226 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....