დეკანოზი ილია ჭიღლაძე, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“კორონავირუსის გავრცელებამ კარგად აჩვენა, თუ როგორ იქცა ქრისტიანობა, მოყვასის სიყვარულის ღვთაებრივი რელიგია, მავანთა მიერ დამახინჯებულ “მოჯაჰედურ-თალიბანური” შეფერილობის ფსევდო რელიგიად. საუბედუროდ, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ფანატიზმის და ფუნდამენტალიზმის დაბადებამ და განვითარებამ საქართველოს ეკლესიაში, რაც მანამდე სრულიად არ არსებობდა ჩვენში, მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენი ზოგი სასულიერო პირი უფრო დიდ ფანატიზმში და უგნურებაშია, ვიდრე მუსლიმი ფანატიკოსი მოძღვრები, რომელთაც ბევრად მეტი გონიერება და სიბრძნე გამოიჩინეს შექმნილ ვითარებაში.
მოვუსმინე ერთ ქადაგებას, სადაც მოდერნისტად და ლიბერალად გამოგვაცხადა მქადაგებელმა ის სასულიერო პირები, ვინც გლობალური პანდემიის გამო მოვიწონეთ მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა სინოდების და პატრიარქების განჩინებები საჯარო წირვა-ლოცვების შეჩერების და მრევლისთვის სახლში ლოცვის მოწოდების შესახებ.
ამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მოდერნიზმი, ანუ სიახლეები ეკლესიაში დღიდან მისი დაარსებისა, უწყვეტად ხდებოდა, პირველი ამისი ნიშანი თავად დღევანდელი საეპისკოპოსო აქსესუარებია: მიტრა, ბისონი, გველისთავიანი კვერთხი, მცირე ომოფორი – ეს ყველაფერი მეორე ათასწლეულში თანდათან გაჩენილი სიახლეებია, არც ჯვარ-პანაღიები არ უტარებიათ გულზე ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველს და იოანე ოქროპირს. საუკუნეთა მანძილზე უამრავი სიახლე შეეხო მარხვებს, დგინდებოდა ახალი მარხვები და გრძელდებოდა უკვე მანამდე დადგენილთა ხანგრძლივობები, იცვლებოდა ლიტურგიები და ტიპიკონები, იცვლებოდა რიგი საეკლესიო კანონები, და ყველაზე მთავარი: შვიდი მსოფლიო კრების მიერ ეტაპობრივად დგინდებოდა ახალი დოგმატები.
მაშ, დაადანაშაულოს პატივცემულმა მქადაგებელმა 7 მსოფლიო კრება და დიდი მამები მოდერნიზმში. ისინი ცვლილებებს და სიახლეებს სწორედ შექმნილი გარემოებების გამო ადგენდნენ. როდესაც ადამიანს არ აქვს შესაბამისი ცოდნა ეკლესიის ლიტურგიკის და კანონიკის ისტორიაზე და ჰგონია, ეკლესიაში არაფერი შეცვლილა, დღიდან მისი დაარსებისა, ის იმყოფება დიდ უმცრებაში და ტყუილში, რომელსაც თან ახლავს არასწორი წარმოდგენები და დასკვნები, რაზედაც ითქმის უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიტყვები: “ბრმანი ხართ და ბრმათა წინამძღოლნი!” – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 117 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 23 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 885,890 მიაღწია. გარდაიცვალა 44,220 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 185,226 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.