თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ინფექციის კობტროლი სწორი მიმართულებით ხდება, რის შედეგადაცაა რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია.
როგორც ეზუგბაიამ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა, ის მაჩვენებელი, რაც დღეს საქართველოშია, ნებისმიერი ქვეყნისთვის საოცნებო იქნებოდა.
“შეხედეთ, მსოფლიოში რა ხდება. საქართველოში ხდება კონტროლირებადი, ზომიერი მატება დაავადების. 26 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა დაფიქსირებული და დღემდე გვყავს 115, ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება და ქვეყანაში არსებული კარგი შედეგები“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსუს ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, მათგან 22 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.