მთავარი ციტატა

“მეტადონის პროგრამაში ჩართულებისთვის დაშვებულია გამონაკლისი და ხუთდღიან დოზას სახლში გაატანენ”

„სოციალური მომსახურების სააგენტო გუშინ საღამოდან მუშაობს დეტალურ სიებზე და საჭიროებებზე ყველა იმ პაციენტის, რომელიც ჩართულია დიალიზის პროგრამაში. მეტადონის პროგრამისთვის უკვე დაშვებულია გამონაკლისის სახით გარკვეული პირობები, რაც ითვალისწინებს მედიკამენტების შედარებით უფრო მომატებული დოზის ბინაზე გატანებას ხუთდღიანი პერიოდისთვის. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ინდივიდუალურად ყველა პროგრამის ფარგლებში მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტო და არც ერთ პაციენტს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნება“

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

აღნიშნული განცხადება გაბუნიამ, ქვეყანაში “კოვიდ-19”-ის გამო შექმნილი ვითარების ფარგლებში, მეტადონის პროგრამისთვის დაშვებული გამონაკლისების შესახებ გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 995 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი რჩება.

გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.

საქართველოში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ზომების გამკაცრება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....