“მთავრობამ როდესაც გამოაცხადა, რომ არ გამოხვიდეთ სახლიდან და იმოძრავეთ მხოლოდ ტაქსით, გასაგებია ეს სამედიცინო თვალსაზრისით და კორონავირუსისაგან დაცვის თვალსაზრისით ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე მაინტერესებს, ბევრ ადამიანს იცნობთ თქვენ ვისაც შეუძლია, პროდუქტებზე ტაქსით იაროს?! მე კიდევ მგონია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უბრალოდ პროდუქტის ყიდვის საშუალებაც უკვე დღეს პრობლემური აქვს. არათუ ხვალ და ზეგ პროდუქტის საყიდლად ტაქსით წავიდეს. უბრალოდ გამორიცხულია. რას ეუბნება მათ მთავრობა.”
ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი
“ტვ პირველი”
აღნიშნული განცხადებით, ბურჯანაძე დღეს გამკაცრებულ შეზღუდვებს ეხმაურება.
შეზღუდვებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი და “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერიაც გამოეხმაურა.
დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც ხვალიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 103 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 20 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 742,556 მიაღწია. გარდაიცვალა 35,344 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 157,046 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.