საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მეტროთი და ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის, სრულად იკრძალება.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მგზავრობა დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.