საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიცვლება. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურას, იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილის, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დავით სონღულაშვილის კანდიდატურას წარადგენენ. რას უკავშირდება მინისტრთა კაბინეტში მიმდინარე ცვლილებები და როგორო უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ ? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” პოლიტოლოგ, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება საკადრო ცვლილებები?
რთულია ამაზე საუბარი, რამდენადაც მთავრობაში გადაწყვეტილებებს მინისტრები არ იღებენ. თითქოს, იქმნება ახალი მთავრობის შექმნის ილუზია, რეალურად კი არაფერი არ იცვლება – გინდ სამი წევრი, გინდ მთლიანად მინისტრთა კაბინეტი შეიცვალოს.
შეუძლია, თუ არა მაკა ბოჭორიშვილს დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობების მოგვარება?
არა ,რა თქმა უნდა – რჩება იგივე პოლიტიკა და ამ პოლიტიკას მაკა ბოჭორიშვილი არ განსაზღვრავს.
როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები და როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ?
ოპოზიცია საკმაოდ რთულ სიტუაციაშია და უპირველეს ყოვლისა სერიოზულად უნდა გაანალიზოს შექმნილი ვითარება, რის საფუძველზეც უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები. ოპოზიციის წარმომადგენლები ორ ცეცხლს შუა არიან მოქცეულნი, შევლენ პარლამენტში – ცუდია, არ შევლენ და კიდევ უარესი, ამიტომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი გახდებიან დამცირების სამიზნეები უმრავლესობის მხრიდან, თუ გარეთ დარჩებიან მათ მოუწევთ ეს ოთხი წელი ქუჩაში გაატარონ. ისინი დგანან არჩევანის წინაშე- ან შეინარჩუნონ მეტ-ნაკლებად პოლიტიკური წონა და დარჩნენ ქუჩაში ან ჩაიქნიონ ხელი და შევიდნენ პარლამენტში,რასაც ცხადია, მოჰყვება პოლიტიკური წონის დაკარგვა.