“ყველა ამ სცენარზე გათვლილია ჩვენი სამუშაო დოკუმენტები, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება ერთდროულად, ყოველდღიურად, კვირის განმავლობაში დაავადდეს; რამდენს დასჭირდება ჰოსპიტალური მომსახურება, რამდენი გადაიტანს იოლად და დარჩება სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით იმკურნალებს, რამდენ ადამიანს დასჭირდება ხელოვნური სუნთქვა და ასევე, სამწუხაროდ, გათვლილი გვაქვს, არსებობს ეს მონაცემებიც, მათ შორის, ყველაზე სამწუხარო გამოსავლის, ამიტომ ვამბობთ, რომ როგორმე ვეცადოთ, უარეს სცენარს გვერდი ავუაროთ და არ შევიდეთ უარეს სცენარში.”
ამირან გამყრელიძე – საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
გამყრელიძემ ამის შესახებ “ახალ კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 91 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.