თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ 91-ე პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„91-ე პაციენტი არის ჩვენს ცენტრში. დღეს, დაახლოებით, 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ერთ პაციენტზე იყო დადებითი, დანარჩენი უარყოფითი. 47 პაციენტი არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული დანარჩენი 44 არის კოვიდის ექვს მიმღებ დაწესებულებაში. წყარო ცნობილია – მოგზაურობას უკავშირდება და ეს არის ქვეყანა ინგლისი. მოხდება ამ კონტაქტების კვლევა თავიდან ბოლომდე. საერთოდ დილის შემდეგ არ შეცვლილა მდგომარეობა პრობლემური გვრჩება ოთხი პაციენტი. ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. ეს ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 717 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 პირი რჩება.
უკვე გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.